"შესავლისებრი ზემორე ქვესათაური თავისთავად და თავისდაუნებურად მიანიშნებს ჟანრის ცვლილებაზე, რადიკალურზე თანაც, რადგან ""გამთელების მცდელობა"" გაბმულ თხრობას შეიძლება გულისხმობდეს მხოლოდ, ნამდვილ ეპიკურ, ასე ვთქვათ: სტიქიას, ანდა იმიტაციას მისას, განსხვავებით წინა ქმნილებისგან, რომელიც რომ უბრალოდ იწოდებოდა ""სარკის ნატეხებად"", წარმოადგენდა რა მცირე რამ ეპიზოდებისა თუ სურათ-ხატებისაგან მოზაიკური პრინციპით შედგენილ პირველი პირის ქმნილებას. აქ კი მესამე პირი გამოდის არენაზე, მთელი თავისი უფლებამოსილებით და იმდენად, რომ პირველი პირი საკუთარ თავზეც კი მესამე პირში ლაპარაკობს, მაგალითად, ასე და ამგვარად: ""ამ სტრიქონების ავტორი"", ""მთხზველი"", ""მოკალმე"", ""მეტექსტე"", ""საწყალობელი მუშაკი სიტყვისა"", ანდა ""უიღბლო მემატიანე"", ანდა: ""დაბნეული მესაგე"" თუ ""არაპროფესიონალი მეისტორიე"", და სწორია ეს: რადგან მესამე პირია უპრიანი ისტორიისა და საგისთვის, და სხვა რა არის ამბავი გვარისა, მისი რამდენიმე თაობის მრავალი პირისა, თუ არა - ისტორია ან საგა? ოჰ, ნაგვიანევი კია ჟანრი ხსენებული ერთობ, მაგრამ სად წაუხვალ ღმერთს მატიანესას, რომელმაც არა უწყის რა შესახებ იმისა, თუ რა შედის მოდაში და რა გამოდის იქიდან, და მობრძანდება ყველა საუკუნეში თვითნებურად ლამის და ბრძანებს: ""აღწერე ამბავი, - გინდა ტრაგედიად, გინდა კომედიად, - შენი გვარისა, დაარქვი რაც გსურდეს, გინდა ღვთაებრივი, გინდა ადამიანური, გინდა გვაროვნული, მოკლედ, თავისუფალი ხარ, საერთოდ, თითქმის, - ასევე სათაურთა და ქვესათაურთა შერჩევაში, ოღონდ, ნუ უღალატებ ისტორიის სულსო... აღწერე და გადმოეცი ერთგულადაო, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყვნენ შენი გვარისანი, წარჩინებულები თუ სოფლისა და ბუნების უჩინო შვილები... არაფერია სინამდვილეზე უფრო ჭკვიანი და სწორი - რადგან არ არსებობენ შედეგები უმიზეზონი, და პატივი ეცი სინამდვილეს მის ყოველ გამოვლენაშიო. ნუ მოინდომებ მისტიფიკაციას ჟანრისას, ნუ დაარქმევ საგასა თუ ისტორიას გამონაგონს შენსას, იცი შენ ამის ცნობილი მაგალითები ლიტერატურის სივრცეში, აღარ დაგისახელებ ახლა ტანმძიმე რომანებს სათაურებით: ""...საგა"" ან ""ისტორია..."" ამათი და ამათიო... ვერ შეენაცვლება ცხოვრებას ცხოვრების მხატვრული იმიტაცია... შეჰქმენ ისტორია... ისტორია... მატიანე... საგა... შენი ქვეყნისა, შენი ოჯახისა, გინდა გვარისა..."" "